აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
საარქივო სამმართველო

.webp)
ფონო ფონდი
კინო-ფოტო დოკუმენტების განყოფილება აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში შეიქმნა 2008 წელს. მასში თავმოყრილია 19250 შ/ ერთეული, აქედან 9061 კინოდოკუმენტი, 3576 ფოტო და 6613 ფონოჩანაწერი.
ფონოჩანაწერებში წარმოდგენილია ძველი ქართული ხალხური სიმღერები: "აჭარული ფოლკლორი" - ჩაწერილი ვ.ახობაძის მიერ (1950-1960), ქობულეთის კულტურის სახლის ვოკალური ჯგუფის მიერ შესრულებული "სიმღერა ბეღურა ქათამაძეზე" (1963), "იარამაშა" "გურული მაყრული", "ალიფაშა" და სხვა.
ფონოფონდში დაცულია: ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის თვითმოქმედი ანსამბლის, აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის, აჭარის კულსაგანმანათლებლო სასწავლებლის ქალთა ვოკალური ანსამბლის, ვოკალური ანსამბლ "რუსთავისა" და სხვა ინდივიდუალურ შემსრულებელთა სიმღერები.
ფონოფონდშია: აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ფრ.ხალვაშის მისასალმებელი სიტყვები - ა.წერეთლის, კ.გამსახურდიას, დ.კლდიაშვილის, ი.ნონეშვილის, ნ.მალაზონიას, გ.ტაბიძის საიუბილეო საღამოოებზე, მწერალ დ.შენგელაიას, მსხაიობების ვ.ანჯაფარიძისა და აკ.ხორავას მოგონებები ბათუმზე.
აჭარელი ლეონიძეების ოჯახში სტუმრად მყოფი მწერალ გიორგი ლეონიძის საუბარი და ვაჟა ფშაველას აჭარაში მოგზაურობის შესახებ, საუბარი ფირზე ჩაწერილია 1968 წელს.
ლიტერატურულ-დრამატული ჩანაწერებიდან აღსანიშნავია ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობების იუსუფ კობალაძის, ნუნუ თეთრაძის და მერაბ ხინიკაძის წაკითხული მონოლოგები და ფრანგმეტები. სპექტაკლებიდან: "მოკვეთილი", "ბახტრიონი", "ხევისბერი გოჩა", "კიკვიძე", "ოტელო", "ოიდიპოს მეფე", "ხიხანის ძახილი", "მეფე ერეკლე" (1970).
რადიო გადაცემაში - "მწერალი მიკროფონთან" საკუთარ ლექსებს კითხულობს პოეტი მამია ვარშანიძე (1970).
1964 წელს თბილისში ჩატარდა პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ჰაიდარ აბაშიძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო – ფონო ჩანაწერებში შემონახულია მწერალ ლევან გოთუას მისალმება და ჰაიდარ აბაშიძის გამოსვლა.
ფონომასალის სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოს კათოლიკოს - პატრიაქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მისალმება ბათუმელი მრევლისადმი (1989), ნოდარ დუმბაძის მილოცვა ბათუმის დრამატული თეატრის იუბილეზე (1983), პოეტების მამია ვარშანიძის, ფრიდონ ხალვაშის, კრიტიკოს შოთა ქურიძის და სხვათა ხმების ჩანაწერები.