საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image

ფოტო ფონდი

კინო-ფოტო დოკუმენტების განყოფილება აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში შეიქმნა 2008 წელს. მასში თავმოყრილია 19250 შ/ ერთეული, აქედან 9061 კინოდოკუმენტი, 3576 ფოტო და 6613 ფონოჩანაწერი.
 
დაცული ფოტოდოკუმენტების ქრონოლოგიური  ჩარჩოებია 1878–2007 წლები. მათზე აღბეჭდილია აჭარის ისტორიის წარსული და დღევანდელობა, ბათუმის ოლქის ისტორია, ძველი და ახალი ბათუმის ხედები,  რეგიონში მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და კულტურული მშენებლობის განვითარება.
 
განსაკუთრებით აღსანიშნავია ფოტოსურათები, რომლებიც  წარმოდგენას იძლევა 1878 წელს ციხისძირთან გამართულ რუსეთ-თურქეთის ომის ცალკეულ ეპიზოდებზე, დაჭრილ-დაინვალიდებულ ჯარისკაცებზე, მათ საბრძოლო-საველე ცხოვრებაზე, ოფიცერთა შემადგენლობასა და საველე-სანიტართა ჯგუფებზე.
ფოტოებზე აღბეჭდილია მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე სავაჭრო და სატვირთო პროცესები, ე.წ. "ნურიეს", "თურქული" და სხვა ბაზრები.
 
ამავე პერიოდის ბათუმის ეთნოგარფიულ-ყოფით ცხოვრებაზე ნათელ წარმოდგენას იძლევა ფოტოები, რომლებზეც ლაზი და აჭარელი მეთევზეები, ოსმან ბექირ-ოღლის წყლის წისქვილი, სპარსელი მოლა, ნავსადგურის მეკურტნე მუშაა გამოსახული.
ფოტოკოლექციაში გაერთიანებულია ფოტოები, რომელებიც 1878 წლის 20 ნოემბერს თბილისში, კავკასიის მთავარმართელის სასახლეში, აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების აღსანიშნავად წვეულებაზეა გადაღებული, მათზე აღბეჭდილი არიან აჭარის დეპუტაციის წევრები და მასპინძლები. 
 
ფოტოებმა შემოგვინახეს "ცისფერყანწელების": პავლე საყვარელიძის,  ნიკოლო მიწიშვილის, მწერლისა და დრამატურგის შალვა დადიანის, არქიტექტორ კოკი აბაშიძის, გაზეთ სამუსლიმანო საქართველოს რედაქტორის მემედ აბაშიძის სახეები.
 
1927 წლით თარიღდება ფოტო, რომელზეც მემდ აბაშიძე თბილისელ პედაგოგთა შორისაა აღბეჭდილი. 
 
ფოტოებმა შემოგვინახეს ინგლისელების მიერ ბათუმის ოკუპაციისა და 1921 წელს აჭარის გასაბჭოების მომენტები.
 
განათლების სისტემის განვითრებას ასახავს ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია პირველი ქართული სკოლა, სწავლების პროცესი მედრესებში (1921) და საბჭოთა პერიოდში აჭარაში გახსნილი ახალი სასწავლო კერები-სკოლები, ტექნიკუმები, ინსტიტუტები. 
 
აჭარის ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებაზე მოგვითხრობენ ფოტოსურათები, რომლებშიც ასახულია შეხვედრები მ.შოლოხოვთან, ბულგარელ, უკრაინელ, რუს, კუბელ და სხვა ეროვნების მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთან. ფოტოებმა შემოინახეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების იუსუფ კობალაძის, ნუნუ თეთრაძის, მერაბ ხინიკაძის, ლევან ღლონტის, აკაკი მგელაძის, ნინო საკანდელიძის, მანუჩარ შერვაშიძის, ხასან მეგრელიძის და სხვათა სახეები, მათ მიერ განსახიერებული თეატრალური როლები. 
 
ფოტოსურათებში ასახულია 1989-1990 წლების ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ლიდერები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე. ასევე ხალხმრავლი მიტინგები საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ლენინის ძეგლის დემონტაჟი, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და¬ღუპულ მებრძოლთა ნეშთების გადმოსვენების ცერემონიალი თავისუფლების მოედანზე. 
 
ფოტოობიექტივშია: ბათუმის ზღვისპირა პარკის ხედები, საზაფხულო თეატრითა და კოლონადებით, "მზის საათითა" და "მომღერალი შადრევნებით", "მოცეკვავე ბიჭუნების კომპოზიციითა და ხელოვნურ ტბაზე მოცურავე გედებით, დელფინარიუმითა და აკვარიუმის მრავალფეროვანი ბინადრებით. აქვეა დაცული ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოსული უცხოური გემების, ტანკერების, უცხოელ ტურისტთა დელეგაციების, ბათუმისა და აჭარის ღირსშესანიშნავი ადგილებისა და თვალწარმტაცი პეიზაჟების ფოტოსურათები.