საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
რუბრიკა „ასი წლის წინათ" - „ბედკრული ცხენები“
image

რუბრიკა „ასი წლის წინათ" - „ბედკრული ცხენები“

რუბრიკა „ასი წლის წინათ"
 
„ბედკრული ცხენები“
 
საბედისწერო სიაში მოხვდნენ ცხენები.
 
არადა მთელი ცხოვრება,- ალბათ მთელი ცხოვრება, მართალი გითხრათ მთლად ზუსტად არ ვიცით,- ემსახურებოდნენ ქართულ ჯარს, ქართულ არმიას.
 
ქართული არმია.
 
ხომ ჟღერს საამაყოდ? ნდობით ყველა გამოკითხვაში პირველია, როგორც გვახსოვს. ახლა კი 106 წლის წინანდელ დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს არმიაზე ვსაუბრობთ...
 
ეს კიდევ ცალკე საამაყო ამბავია, არა?
 
მესამე ათასეული იდგა მაშინ ქვემო აჭარის რაიონში,- ასეა დოკუმენტში სახელდებული. ჰოდა, ჰყავდათ ამ ათასეულში ცხენები. უკავალერიოდ როგორ იქნებოდა კაცო, მაშინ ჯარი?
ჰყავდათ სულ დარჩეული ცხენები, სულ დარჩეული სახელებით. ქართველის სიყვარული ცხენებისადმი ისედაც ვიცით ხომ, მაგრამ ამ დოკუმენტშიც სჩანს ეს დამოკიდებულება, აბა მოვუსმინოთ სახელებს: სიკო,მაკრინე, ირაკლი, მირიანი, სიძე, გაბო, თეკლე, ბიბო, ბაიყუში, სპირდონი, სადა, კუტა... ხო, ეტყობა ამ უკანასკნელს უბრალოდ გულულმა შეურჩია სახელი, ცუდი არაფერი იფიქროთ.
ჰოდა, ემსახურებოდნენ ერთგულად ეს დალოცვილი სულიერები ქართულ ჯარს, მაგრამ ...
 
კალენდარს ვინ შებრძოლებია, თუმცა როგორ არ შებრძოლებიან, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, მაგრამ ვის დაუმარცხებია?
აშკარად დაემართათ რაღაც.. ანდაც ასაკმა უსწროთ... მოკლედ, შეიქმნა კომისია და ეს ჩვენი დარჩეული ცხენები ჩამოწერეს:
მე- 3, მე-8 ხარისხის უვარგისებად ცნეს.
 
თითოეულის ფასი 5 ათასიდან 20 ათას მანეთამდე მერყეობს.
ხელს აწერს კაპიტანი ღოღობერიძე.
 
დაგვაფიქრა ცხენების ბედმა, რატომღაც ვიფიქრეთ, რომ შეიძლება უვარგისებად ცნობის მერე სასაკლაოებისთვის გადაეცათ...
 
მაგრამ საბედნიეროდ სხვა საქმეებში გამოჩნდა რომ გასაყიდად ამზადებდნენ ასეთ დროს, საჯარო აუქციონის წესით ჰყიდნენ...
 
და იმედია ქართულ ჯარში ვალმოხდილებს კეთილი და კეთილსინდისიერი მეპატრონეები გამოუჩნდებოდნენ მერეც...
 
 
 რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე