საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
რუბრიკა „ნაკვესები საარქივო დოკუმენტებიდან“ - „უშობელი“
image

რუბრიკა „ნაკვესები საარქივო დოკუმენტებიდან“ - „უშობელი“

რუბრიკა „ნაკვესები საარქივო დოკუმენტებიდან“
 
„უშობელი“
 
1920 წლის 22 ოქტომბერია, ქვემო აჭარის რაიონის უფროსის თანაშემწეს აჭარისწყლის სამმართველოში, დაადგა თავზე იქვე დაბანაკებული მესამე ათასეულის მე-4 გუნდის ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი ჭუბაბრია.
 
ჰა, რავარი ამბავია?! ტყუილა ხომ არ მიადგებოდა ოფიცერი სამოქალაქო მმართველობას?!
 
რადა, ერთი საჭირბოროტო ამბავი ეუწყებინა უნდა მისთვის, საკითხის მოგვარების იმედით:
ჯარისკაცებისთვის სჭირდებოდა საკლავი ლეიტენანტს, ჰოდა სთხოვა თურმე მომყიდეო ვაჭარს, რომელიც ახალციხიდან ბათუმში მიდენიდა ჯოგს გასაყიდად.
 
მომყიდე ერთი სახორცე, შენი ჯოგიდანო.
 
ქვა ააგდო და თავი შეუშვირა თურმე ვაჭარმა, ბათუმში უნდა გავყიდო ჯოგი, გზაზე კი არ ვყიდიო!“
 
ცხადია, ბევრს გაგახსენდებათ ის ეპიზოდი ვეფხისტყაოსნიდან, ასმათს რომ შემოისვამენ ცხენზე უკან ტარიელი და ავთანდილი და მოგვიანებითღა იშოვიან დობილისთვის ცხენს ვაჭრისგან, თან რომ განმარტავს რუსთველი, იყიდეს კი არ აჩუქა ვაჭარმაო.
 
„მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა;“- თან ოქროს, ოქროს რა,- ცეცხლის ფასადო.
 
თუმცა, რუსთველი იქით კი არადა, იყოს მანდ ციურ სასუფეველში და ჩვენ ამ ჩვენს ლეიტენანტსა და ახალციხელ ვაჭარს მივუბრუნდეთ, თუმცა მაინც ჩავურთოთ მანამდე, ბევრს კიდევ უფრო ის გაგახსენდებოდათ, კიტოვან-იოსელიანის ავი ხანა... ჰო, ისევ გვიტყუებს სიტყვა სხვაგან და კვლად დავუბრუნდეთ დოკუმენტს:
ამ ლეიტენტმა ჭუბაბრიამ საქმის გარჩევა კი არ დაუწყო ვაჭარს, არა ბატონო, ფრიად ცივილიზირებულად მოიქცა...
 
დემოკრატიული საქართველოს ხანაა, კაცო, 1920 წელია, რომ არა სისხლიმსმელ ოკუპანთა დამპყრობლური შემოსევა, წარმოიდგინეთ რა ქვეყანას ვაშენებდით?! ჰოდა, ადგილობრივ მმართველთან მიბრძანდა.
 
ადგილობრივმა მმართველმა კიდევ, სამმართველოს უფროსის თანშემწე ელიზბარ ჩიქავამ, მიაშურა ვაჭარს და მოსთხოვა მიეყიდა ლეიტენანტისთვის ერთი სული სახორცე საქონელი: არაო ვაჭარმა!
ბათუმში გავყიდო უნდაო.
 
როგორც ჩანს ერთობლივად უფრო კარგ ფასში ფიქრობდა ვაჭარი ჯოგის გაყიდვას, ასე ერთი რატომ გავყიდოო.... ან ვინ იცის, იქნებაცდა საერთოდ არ ეხატებოდა გულზე ქართული არმია და ჯარი და არ უნდოდა მისთვის მიეყიდა?
 
დაიძაბა სუტუაცია. თითქოს ველით რომ ახლა გაბრაზებული თანაშემწე და უფროსი ლეიტენანტი ეძგერებიან და საერთოდ წაართმევენ ჯოგს, ჯიუტ ვაჭარს...
 
ნუუუურას უკაცრავად...
 
ხომ გითხარით, 1920 წელია, დემოკრატიული საქართველოა... ნამდვილი ევროპული საქართველო; აი, ლამის, პირველად ისტორიაში ჩვენ რომ გვყავდა ქალები პარლამენტში დეპუტატებად, კონსტიტუციაც უდემოკრატიულესი რომ გვქონდა და... ადგა ჩვენი თანაშემწე და მოსახლეობისგან შექმნა კომისია, სახელდახელოდ, მაგრამ უტყუარი!
 
რიზა ბეგ წულკუკიძის,
მევლუდ მალაყმაძის,
და ამ დროს ბათუმისკენ მიმავალი, სოფელ ხიხაძირში მცხოვრები, ისმაილ გაბაიძისაგან.
ხსენებულმა კომისიამ კიდევ, ერთი სახორცე უშობელი შეაფასა 9 ათას მანეთად.
 
კომისიამ დაადგინა აღნიშნული უშობელი ამ ფასად მიეყიდა ვაჭარს ლეიტნანტ ჭუბაბრიასთვის...
 
განსაკუთრებით საინტერესო იყო ის ფაქტი, რაც ამავე საარქივო საქმეში კარგად სჩანს, რომ ხშირი იყო კონტროლისა და შემოწმების შემთხვევები, როგორც სამხედრო მესამე ათასეულში ისე ზოგადად, საჯარო სამსახურებში: თვითონ ეს კომისიის ოქმიც, საქონლის შესყიდვის შემთხვევაც, საგანგებოდ გამოგზავნილი რევიზორის მიერაც იქნა შესწავლილი...
 
ხომ დიდი არაფერი, ერთი შეხედვით, მაგრამ...
 
დიდი სახელმწიფოს კონტურები იკვეთება ამ მცირე დოკუმენტში...
სწორედაც დიდის ... რომ არა გაუმაძღარი იმპერიის თავდასხმა 1921 წელს...
 
და ლამის ჩანასახშივე გაცამტვერება...
 
 
რუბრიკას უძღვება: ფრიდონ ქარდავა