საარქივო სამმართველო
.webp)
რუბრიკა „ფოლიანტები რუსეთის მიერ ოკუპირებულ მამულებზე"
რუბრიკა „ფოლიანტები რუსეთის მიერ ოკუპირებულ მამულებზე"
იმპერიის ხელში სავალალო დღეში ჩავარდნილი ტაძრები
როგორც გახსოვთ, ამ რუბრიკით წარმოგიდგენთ აფხაზეთთან დაკავშირებულ ფილიანტებს. ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, ოკუპანტებმა აფხაზეთის არქივი მთლიანად გადაწვეს, თუკი რამე გადარჩა იმასთან ჩვენ ხელი აღარ მიგვიწდება... აქედან გამომდინარე სანთლით დავეძებთ ნებისმიერ მასალას საქართველოს სხვა არქივებში, ჩვენს შემთხვევაში, აჭარის არქივში, რათა გამოვამზეუროთ და უმცირესით მაინც შევავსოთ ეს აუნაზღაურებელი დანაკარგი. ზოგჯერ მოგეჩვენოთ შეიძლება, რომ ესა თუ ის დოკუმენტი არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ გვერწმუნეთ, ჩვენი ისტორიისთვის, აფხაზეთის მხარის ჟამთაღმწერლობისთვის ის რაღაც კუთხით ყოვლეთვის ფასდაუდებელია.
ამჯერად წარმოგიდგენთ დოკუმენტს რომელიც ეხება ახალი ათონის მონასტერს, რომელიც ისტორიულ ანაკოფიაში მდებარეობს, შემდეგ მას ამ წმინდა მიწაზე გვიან დამკვიდრებულმა ხალხმა ფსირცხა უწოდა მე- 19 საუკუნიდან, თუმცა ძველი სახელიც ხშირად ფიგურირებდა რუკებზე. 1948 წლიდან ფსირცხას ახალი ათონი ეწოდა.
რაც შეეხება დოკუმენტს, ის წარმოადგენს ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ილარიონის პასუხს, რომელიც გამოეგზავნა ბათუმის სამხედრო გუბერნატორს ქალაქ ბათუმის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრისთვის შესაგროვებელ შემწეობასთან დაკავშირებით საქვეყნოდ გაცხადებულ თხოვნაზე.
თხოვნა თავისთავად საკმაოდ დამასევდიანებელი იყო: ბათუმში 18 წელი ველოდებოდით საკათედრო ტაძრის მშენებლობას და სამწუხაროდ ის მთლიანად სამხედრო უწყებას გადაეცაო, ხოლო ქალაქელები დავრჩით ძველი ტაძრის იმედად, რომელიც ძველი თურქული ყაზარმიდანაა აშენებული (!) და არის სავალალო მდგომარეობაშიო! მოკლედ ეს აშკარად ცალკე დასაწერი თემაა, მხოლოდ მცირე შინაარსსაც წარმოგიდგენთ დოკუმენტიდან რომ კონტექსტი გავიგოთ: გადავწყვიტეთ კაპიტალური რემონტი ჩავუტაროთ ბათუმის ამ საკათედრო (!) ტაძარს და აბა თქვენ იცით ბათუმელებო და საერთოდ ... ვისაც კი ხელი მიგიწვდებათ თვალუწვდენელ იმპერიაშიო.... შეგვეწიეთო... სწორედ ამის საპასუხოდ გამოიგზავნა ეს დოკუმენტი აფხაზეთიდან, კერძოდ კი ისტორიული ანაკოფიიდან. ( საფუძველი; ფონდი ი-55, აღწერა -1; საქმე-21, ფურცელი 20).
დოკუმენტით ირკვევა რომ ახალი ათონიდან ბათუმის ტაძარს გამოეგზავნა შემწეობა 5 მანეთის ოდენობით და იქვე აღნიშნულია რომ, სამწუხაროდ ფართო მოსახლეობიდან ვერ მოხერხდებოდა ქველმოქმედება, ვერავინ ვერ შეძლებდა შემწეობის გაღებას... რადგან ისედაც ხშირად გვიწევს ასეთი შემწეობის აღმოჩენა უამრავი ვინმესთვისო...
„მის აღმატებულებას, ბათუმის სამხედრო გუბერნატორს.
თხოვნასთან დაკავშირებით, გვაქვს პატივი ვამცნო თქვენს აღმატებულებას, რომ ბათუმის საქალაქო ტაძრის განახლებისთვის ჩვენი მონასტრიდან შემოწირულია ხუთი (5) რუბლი, ის ფოსტით გადაირიცხა ბათუმის ხაზინაში.
სხვადასხვა საქველმოქმედო დაწესებულებებისგან, გაჭირვებული ტაძრებისგან და კერძო პირებისგან დახმარების თაობაზე ჩვენთან ყოველდღიურად შემოსული მრავალი თხოვნის გამო, და ასევე საკუთარი დიდი საძმოს და სამშენებლო საჭიროებების გათვალისწინებით, მონასტერს არ აქვს [დამატებითი] შეწირულობის გაღების შესაძლებლობა. ამასთანავე, არც ჩვენს საძმოში გააჩნია ვინმეს რაიმე საკუთარი სახსრები, ხოლო გარეშე პირთაგან არავინ არის ისეთი, ვისაც შეწირულობისთვის ხელმოწერის ფურცელს შევთავაზებდით.
ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი
№ 713. 1913 წლის 28 ოქტომბერი ახალი ათონი.“ ( საფუძველი; ფონდი ი-55, აღწერა -1; საქმე-21, ფურცელი 21).
აშკარად არ იყვნენ სახარბიელო მდგომარეობაში ჩვენი ათასწლოვანი ტაძრები საქართველოს ორიათასწლოვანი ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ.
უჭირდა იმპერიას, ფრიად უჭირდა, სად ეცალათ ერთმორწმუნეებს ტაძრებისთვის... 1913 წელი იდგა და ემზადებოდნენ პირველი მსოფლიო ომისთვის და კიდევ ახალი, თვალუწვდენელი მიწების დასაპყრობად... რომ იქაც გაეცამტვერებინათ არსებული სალოცავები.
რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე