საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
„ექიმი კაცი პედაგოგად“
image

„ექიმი კაცი პედაგოგად“

„ექიმი კაცი პედაგოგად“
 
 
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი იყო ოზურგეთელი, ვლადიმერ ამბაკოს ძე თოხაძე. 1921 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე დევს მშვენიერი ბიოგრაფიული მონაცემი მასზე, სურათიც მანდედან გვაქვს.
 
აჭარის არქივის ფოლიანტიდან კი, რომელსაც წარმოგიდგენთ, შეიძლება საფიქრალად და განსასჯელად დავტოვოთ ეს საკითხი და ვივარაუდოთ რომ 1919 წელს პატივცემულ ვლადიმერს ოდესის უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული უნდა ჰქონოდა, რადგან ამ დროს ის უკვე წარმატებით მუშაობდა ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში და ეს ექიმი კაცი, მედიცინის მომავალი დოქტორი, ქე ასწავლიდა გურულ ბავშვებს ქირურგიას, მინერალების, ცილების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების ცვლას ბავშვთა ორგანიზმში კი არა, არამედ რუსულს, არითმეტიკას და ლათინურს.
 
ამ მოწმობიდან შეგვიძლია დავასკვნათ რომ დიდებულადაც ასწავლიდა, რადგან ამ ოფიციალურ მოწერილობაშიც სჩანს რა გულისხმიერად, რა გულთბილადაცაა თვითონ ეს დახასიათება შედგენილი: „როგორც მასწავლებელი და აღმზრდელი ვლადიმერ თოხაძე სდგას თავისი მოწოდების სიმაღლეზე... თუმცა თავისი პროფესიით იგი ექიმია, მაგრამ ამავე დროს სიჭაბუკის დროიდან დაწყებული იგი აწარმოებდა კერძო გაკვეთილების საშუალებით მოწაფეთა სწავლებას, რის მეოხებითაც, მან პრაქტიკულად შეითვისა გიმნაზიის სხვა და სხვა საგნის სწავლების მეთოდები. მისი სწავლება ცოცხალია, საქმის სიყვარულთან შეერთებული, მოწაფეები ყოველთვის დიდი ყურადღებით ისმენდნენ მის სწავლებას, რის მეოხებით მისი გაკვეთილების ჟამს, საკლასო წესრიგი სავსებით დაცული იყო. მასსა და მოწაფეთა შორის იყო დამყარებული ისეთი სულიერი კავშირი, რომელსაც ქმნიან ნამდვილი მოწოდებით პედაგოგები.
 
ყოვლისავე ამის მეოხებით, ვლადიმერ თოხაძეს შესაძლოა ვუწოდოთ ერთგული, საქმის მოყვარული და სწავლების მეთოდების მცოდნე პედაგოგი, რასაც გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო სიამოვნებით აღნიშნავს.“
 
აქვე გთავაზობთ ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემებს:
1921 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1941–1957წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო პედიატრიის კათედრას; 1957–1972წწ. ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრას; სწავლობდა მინერალების, ცილების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების ცვლას ბავშვთა ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების დროს, პაროტიდულ მენინგიტს და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ორდენი და მედლები. პედიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.105
 
 
რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე