საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

საარქივო სამმართველო

image
საარქივო სამმართველო
რუბრიკა „სახელმოხვეჭილი ბათუმელები“ ირაკლი ღლონტი
image

რუბრიკა „სახელმოხვეჭილი ბათუმელები“ ირაკლი ღლონტი

რუბრიკა „სახელმოხვეჭილი ბათუმელები“
ირაკლი ღლონტი
 
ცნობილი ბათუმელი პედაგოგი გახლდათ ირაკლი ნიკიფორეს ძე ღლონტი, თაობებს რომ ასწავლიდა, მეფის რუსეთის დროიდან მოკიდებული... მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოშიც რომ მოუწია მოღვაწეობა და გამორჩეულადაც.
 
ჩვენი არქივის საცავები ინახავს ამ დოკუმენტებს და არ იქნება ურიგო გამოვამზეუროთ, მიყოლებით და საინტერესოდ, მცირე ნაწილი მაინც... ვინ იცის, იქნებ მის შთამომავლობას რამეშიც გამოადგეს გარდა იმისა, რომ მისით აშკარად იამაყებენ... და იამაყონ უნდა კიდევაც... შთამომავლობა რა, გამორჩეული ადამიანებით ყველანი ვამაყობთ ხომ?! ესენი გახლდნენ ადამიანები რომლებმაც დღემდე მოგვიტანეს ბათუმი თავისი ჯერაც შერჩენილი ღირსეული ტრადიციებით... ღირსეული ყოფა-ცხოვრებით.
 
დვაბზუში ასწავლიდა იმხანად, მაგრამ ორწლიან სკოლაში და ბუნებით მაძიებელ კაცს ეს რას დააკმაყოფილებდა? ამიტომაც, 1903 წლის 1 ივნისს მიმართავს ბათუმის გამგეობას, თხოვნით ბათუმის ახლად გახსნილ პუშკინის სახელობის საქალაქო დაწყებით სასწავლებელში მეორე მასწავლებლის ადგილი მიბოძეთო. ამ დროისთვის გარდა მასწავლებლისა, ოზურგეთის მაზრის, სოფელ დვაბზუს ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველიცაა.
 
იქვე განმარტავს რომ ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის კურსები დავამთავრე 1895 წელს გორშიო და 9 წელია ვმუშაობ მასწავლებლადო.
 
ცხადია, მთლად სიტყვაზე არ ენდობოდნენ ბატონ ირაკლის, არ იყო ასე საქმე მაშინ მითუფრო, მაგრამ დოკუმენტებში მოგვეპოვება, ცნობილი მოღვაწის, სასწავლებელთა ინსპექტორის კონსტანტინე დავითის ძე მაჭავრიანის მიერ შედგენილი საინტერესო დახასიათება, თუ ცნობა, რომელმაც 1903 წლის 9 თებერვალს დაათვალიერა დვაბზუს ეგ ჩვენთვის საინტერესო სკოლა:
სასწავლებელი იმიტომ დავათვალიერე, რომ დავრწმუნებულიყავი ამ მკაცრ ზამთარში მართლაც ამდენი მოსწავლე დადიოდა თუ არ სკოლაში, 111 მოსწავლეო, წერს მაჭავარიანი.... მგონი დღესაც კია შესაშური ეს რაოდენობა... თუ ჩვენს დაცარიელებულ სოფლებს შევხედავთ, მაგრამ ეს აშკარად სხვა თემაა და ისევ მაჭავარიანს რომ დავუბრუნდეთ, წერითი სამუშაოებიც დავათვალიერეო და ზედამხედველი ირაკლი ღლონტი მართლაც სანიმუშო პედაგოგი აღმოჩნდაო და ამასვე ადასტურებსო კავკასიის სასწავლო ოლქის ინსპექტორი სლავინსკიცო... ჰო, 1 მარტს დასწერა ეს ცნობა მაჭავარიანმა.
 
ამის მერე მაჭავარიანს აქვს ასევე მოხსენება სადაც ის განმარტავს, რომ სწორედ ღლონტის მოთხოვნით აღზევებულა დვაბზუს სკოლა ერთკლასიანიდან ორკლასიანამდე. ( უნდა განვმარტოთ, რომ ორკლასიანი მაშინ არ ნიშნავდა ორწლიან სასწავლებელს, ეს სტატუსი მოისაზრებდა დაახლოებით სწავლების 5-6 წელიწადს)
გარდა ამისა მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღლონტს ჰქონია სურვილი სკოლასთან მეფუტკრეობისა და მეაბრეშუმეობის კურსები გაეხსნა, რაც დიდი ალბათობით განახორციელა კიდევაც, ისე არა გადავიდოდა ბათუმში...
 
ბათუმში კი ის 1904 წლის პირველი სექტემბრიდანაა მასწავლებლად. მალე კიდევ, 1904 წლის ბოლოს, ბათუმის თვითმმართელობაში ქალაქის დაწყებითი სასწავლებლების გამგებლადაა განწესებული.
 
1907 წელს, ირაკლი ღლონტი ინიშნება ბათუმის პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებლის ხელმძღვანელად და ამ ყველაფერს კიდევ ხელს აწერს ჩვენი გამორჩეული ქალაქისთავი, თავადი ივანე ანდრონიკაშვილი... სამ წელიწადში ხდება კაცი დირექტორი.
 
ამასობაში კი ისიც აღვნიშნოთ თუ რას ასწავლიდა ეგ ცხონებული ადამიანი: არითმეტიკა, ისტორია, გეომეტრია, ქართული წერა, რუსული ენა... რას იტყვით, შთამბეჭდავია ხომ?! (საარქივო სამმართველო. ფონდი ი- 30; აღწერა- 1; საქმე- 8; ფურცელი- 50)
დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, 1918 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა ბათუმის ქართული სკოლის ხელმძღვანელად... ქალაქისთავ ჯავახიშვილის ბრძანებით (საარქივო სამმართველო. ფონდი ი- 6; აღწერა- 1; საქმე- 271; ფურცელი- 31).
 
1919 წელს კი ირაკლი ღლონტი ბათუმის ქალაქისთავმა გოლიცინმა ბათუმის საქალაქო დაწყებითი სკოლის ხელმძღვანლად დანიშნა.
 
ძლიერდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკა... მართლაც რომ დარჩეულები მოღვაწეობდნენ კულტურის სფეროში... სამწუხაროდ სახელმწიფოს მმართველმა ელიტამ ვერ აუბა მაშინ მხარი ქართულ გამორჩეულ კულტურას ილიას მიერ ლიბოგამაგრებულს, მაგრამ ეგ ასევე სხვა თემაა...
საბჭოთა ოკუპაციის დროს მის პედაგოგიურ მოღვაწეობას ვფიქრობთ ცალკე სტატია მივუძღვნათ ...
 
 
 რუბრიკას უძღვებიან: ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე